კორონავირუსი და ეკლესია

მარეხი ბექაია: არ მინდა ჩემს ქვეყანაში ვნახო მიცვალებულების კადრები, ილოცეთ სახლიდან

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას ინფრომაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ ჰყავთ. 

მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში 65 კვლევა არის ჩატარებული და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხია მიღებული. 

მარეხი ბექაიამ იმედი გამოთქვა, რომ აღდგომის დღესასწაულზე ხალხი სახლიდან ილოცებს და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 

"დღეს მთელი მართმადიდებელი ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღე არის და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, ქრისტიანული მოსახლეობა ილოცებს სახლიდან. მე იმედი მაქვს, რომ ყველანი დარჩებით სახლებში. 

ამ ეტაპზე ჩვენი რესურსები საკმარისია ათეულობით პაციენტის მოვლისთვის და მკურნალობისთვის. ჩვენ ვნახეთ მსოფლიოს დიდი ქვეყნების გამოცდილება, როცა ასეულობით და ათასეულობით ადამიანს შეეხო ეს დაავადება და მე არ მინდა, ჩემს ქვეყანაში ვნახო ის კადრები, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადო, სასახლეში მყოფი მიცვალებულების.

არ მინდა ეს მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ვურჩევ ყველა მოქალაქეს ილოცონ სახლიდან," - თქვა ბექაიამ. 

საქართველოში ახალი კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დაიღუპა.

15 აპრილს ცნობილი გახდა, თუ როგორ აპირებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას - მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბება და იქაურობას დილის 06:00 საათამდე არ დატოვებს. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან "შეთანხმებას" უწოდებს. 

ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, დარჩნენ სახლში, თუკი არ სურთ, რომ საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს და "კუბოების თვლას ვერ ავუდიოდეთ". 

მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სექტორის ადამიანური რესურსია - მხოლოდ 488 რეანიმატოლოგისა და 258 ინფექციონისტის სისტემა, ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, დაახლოებით 1 200 - 1 400 ადამიანის მოვლას შეძლებს ერთდროულად.

9 მაისისთვის კი, აღდგომიდან ორ კვირაში, ჯანდაცვის სისტემა მინიმუმ 2 000 და მაქსიმუმ 4 000 ინფიცირებულს ელოდება. 

კომენტარები