ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა ყველამ მოვისმინეთ, ამ დროს, მე, როგორც საქართველოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება - დავიცვა სახელმწიფოს კანონი და მაშასადამე, მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს. მე პრემიერთან ერთად მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას, კანონმა, ისევე როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია. ჩვენი სახელმწიფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გამოაიარა, დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე.
ძალიან კარგად მესმის და მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განივცდი, რომ საგანგებო რეჟიმის და კომენდანტის საათის გამო, შესაძლოა, ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს, ამისთვის, დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მათ.