სუს

შეიხი მირტაგი ასადოვი: სუს-ში მკითხეს, რატომ გავაზიარე მოწოდება, მარნეულში დაესიგნალებინათ

Facebook/ Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

შეიხ მირტაგი ასადოვის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისულს უთხრეს, რომ საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება მარნეულში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტთანაა დაკავშირებული. 

ბოლო დღეებში, მარნეულში, სადაც 3 კვირაა, სრული კარანტინია გამოცხადებული, მოსახლეობა საკუთარ ეზოებში მდგარი მანქანებიდან ასიგნალებს, რითაც პროტესტს გამოხატავს იმ კრიზისის მიმართ, რაც მუნიციპალიტეტს კარანტინის შედეგად მიადგა. 

როგორც შეიხი მირტაგი ასადოვი ამბობს, სოციალურ ქსელში მან პროტესტში ჩართვისკენ მოწოდება გააზიარა. 

"მითხრეს, რატომ გაქვს გაზიარებული. მე ვუთხარი, რომ ეს არ არის დანაშაული.

რამდენიმე დღის წინ ვიდეო-გამოსვლა მქონდა, სადაც ხალხს საკარანტინო კანონების დაცვისკენ და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოვუწოდებ, მაგრამ აქ ხალხს სოციალური პრობლემები აქვს და ხალხმა პროტესტი გამოხატა, რასაც მეც შევუერთდი. ამ ფეისბუქ-გვერდის წარმომავლობა და მიზანი არ მაინტერესებს. ჩვენი მიზანია, ჩვენი პრობლემები მთავრობას მივაწოდოთ და ეს ყველაფერი დანაშაულად აღიქვეს, საბოტაჟის მუხლით აღძრეს საქმე," - ამბობს შეიხი მირტაგი. მისი კომენტარის თარგმანს TV პირველი ავრცელებს. 

შეიხ მირტაგი ასადოვი სუს-ში დაბარებას თავის საქმიანობას უკავშირებს. მან უწყებაში დაბარების პირველივე დღიდან გამოთქვა ეჭვი, რომ გამოძიების დაწყება მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარს უკავშირდებოდა, სადაც პანდემიის პირობებში სახელმწიფოში სეკულარიზმის კრიზისზე ისაუბრა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები დღესასწაულებზე არ დაიკეტებოდა, მან კითხვითვე უპასუხა: "მაშინ ჩვენ გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ, პრემიერმინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა". მირტაგი ასადოვის განამრტებით, ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო. 

მირტაგი ასადოვთან ერთად სუს-ში გამოკითხვაზე საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელიც დაიბარეს. 

მათ სამართლებრივ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" უწევს.

"ცხადია, რომ ამ გამოძიების დაწყებაც ძალიან პრობლემურია იმიტომ, რომ საერთოდ არ იკვეთება დანაშაულებრივი ქმედებების ნიშნები. თავიდან ბოლომდე გამოხატვის საკითხია ის, რა მოქმედებებიც განხორციელდა და, ბუნებრივია, რომ რაიმე სამართლებრივი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, ვინმეს პასუხისმგებლობის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა იქნეს დაყენებული", - ამბობს EMC-ის წარმომადგენელი ქეთი ჩუთლაშვილი. 

კომენტარები