კორონავირუსი

ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა

შსს

ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში მკაცრი საკარანტინო
შეზღუდვები ამოქმედდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, მიზეზი მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკია.

ამის გამო, ქალაქ ბოლნისის და სოფელ რაჭისუბანის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პრევენციის მიზნით, ჩაიკეტა დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი. მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული ლენტეხში, ქობულეთის სამ და ხაშურის ერთ სოფელში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი - მღვდელია. 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა.  

ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების პიკს მაისის დასაწყისში, რელიგიური დღესასწაულების დასრულებიდან ორ კვირაში ელოდებიან.

ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის და გამკაცრებული შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქო წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად აღავლენს. ასევე, არ იცვლება ზიარების წესიც - მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. ხელისუფლებისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიასაც დაესწრებიან. ისინი ტაძარში 21:00 საათამდე მივლენ და 06:00 საათამდე დარჩებიან.

კომენტარები