კორონავირუსი და ეკლესია

მიტროპოლიტი დანიელი: სასულიერო პირები დახურულ სივრცეში პირბადეებს არ გაიკეთებენ

ფორმულა

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის თქმით, სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება გათვალისწინებული არ არის.

თუმცა ის, ვინც სამღვდელოებას ემსახურება, პირბადეებს გაიკეთებს.

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეებს დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნას უკრძალავს, სასულიერო პირებზე არ ვრცელდება, ისევე, როგორც ხელისუფლება მათზე არ ავრცელებს მანქანით გადაადგილების შეზღუდვას.

„მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები, დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას აქვს ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.

რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან. ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება, იმათ აქვთ ეს პირბადეები", - თქვა მიტროპოლიტმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

ასევე, მთავრობამ გაამკაცრა სხვა ზომებიც - 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება აკრძალა. თუმცა, სასულიერო პირებს კანონის არც ეს ჩანაწერი ეხებათ.

ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. 22-23 აპრილს კი პარლამენტი მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ მსჯელობას გეგმავს. მოქმედებს კომენდანტის საათი. ჩაკეტილია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. მარნეულსა და ბოლნისში, ასევე ქობულეთის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო ზომებია გამოცხადებული. დახურულია სავაჭრო ობიექტები, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქებისა. არ მუშაობს კაფე-რესტორნები და სასტუმროები, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. დაიხურა აგრარული ბაზრები. ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეზღუდვებს არ ემორჩილება. წირვა-ლოცვები მრევლის თანდასწრებით ტარდება, ასევე, ძალაშია ერთი კოვზით ზიარების წესიც.

ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც სხვა აქამდე ცნობილ ვირუსზე სწრაფად ვრცელდება. მსოფლიოში მისით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 530 ათას ადამიანზე მეტი. Covid 19 პანდემიად არის გამოცხადებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 77 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. ინფიცირებულთა შორის არის სასულიერო პირიც.

კომენტარები