კორონავირუსი საქართველოში

მარნეულში კორონავირუსი ექთანს დაუდასტურდა

GETTY IMAGES

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსი ერთ-ერთ ექთანს დაუდასტურდა. 

"არის ერთი დადასტურებული ფაქტი მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ექთნის, რომელიც 10 დღის პერიოდში იყო დაკვირვების ქვეშ და ბოლო კვლევით დაუდასტურდა", - თქვა რეხვიაშვილმა.   

მისივე თქმით, ბოლნისში "დაავადების გავრცელების მასშტაბური ზრდაა" - დადასტურდა ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა.

ქვემო ქართლში, ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 70 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3 პაციენტი. 

საქართველოში კორონავირუსით მედპერსონალიდან, სულ მცირე, 17 ადამიანია დაინფიცირებული. რიცხვის დაზუსტებას ტაბულა ჯანდაცვის სამინისტროსთან ცდილობს. 

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ. გუშინ, 16 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ასევე, 17 აპრილიდან აიკრძალა სასაფლაოებზე მისვლა და საჯარო სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა.

კომენტარები