ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: შეგნებული მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავთ უგუნურ ხელისუფლებას და ფანატიკოსებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას და რელიგიურ ფანატიკოსებს შეგნებული და კანონმორჩილი მორწმუნე ადამიანები მძევლად ჰყავთ აყვანილი.

ბოკერიამ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები შეაფასა, რომელის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მოტივით, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო და უფრო იზღუდება, თუმცა, მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მრევლი ტაძრებში სააღდგომო ლირტურგიაზე დასწრებას მაინც შეძლებს.

"კანონმორჩილი, შეგნებული მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავს უგუნურ და უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და ფანატიკოსებს. ხელისუფლებას ამ რელიგიურ ფანატიკოსებთან საარჩევნო კონტაქტი აქვს და ამიტომ ამას სწირავს დანარჩენი მოქალაქეების კეთილდღეობას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ყველა დანარჩენი მოქალაქე უპასუხისმგებლო მთავრობის და რელიგიური ფანატიკოსების საქციელის საფასურს იხდის. მინისტრი, სახეზე ღიმილით სერიოზულად გვეუბნება, რომ შესასწავლია საკითხი, ამ ტიპის შეხებით [ერთი კოვზით ზიარებით] არის თუ არა დაავადების გადადების რისკი, მინისტრი, რომელიც პასუხს აგებს სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს მაშინ, როცა თითქოს უნდა ვცდილობდეთ, ხალხს ავუხსნათ, როგორი რისკია ეს.

ეს არის პირდაპირ უპასუხისმგებლობით, არაკომპეტენტურობით, პოლიტიკური ნების არქონით რისკის გაზრდა და იმ ადამიანების წახალისება, რომელთაც ეჭვი ეპარებოდათ, გადადის, თუ არა ვირუსი კოვზით", - თქვა ბოკერიამ მთავარ არხთან.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 16 აპრილს თქვა, რომ სამეცნიერო კვლევები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, გადადის თუ არა კოვზით ახალი კორონავირუსი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. 17 აპრილიდან ძალაში შედის სასაფლაოზე მისვლის აკრძალვაც.

ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. 22-23 აპრილს კი პარლამენტი მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ მსჯელობას გეგმავს. მოქმედებს კომენდანტის საათი. ჩაკეტილია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. მარნეულსა და ბოლნისში, ასევე ქობულეთის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო ზომებია გამოცხადებული. დახურულია სავაჭრო ობიექტები, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქებისა. არ მუშაობს კაფე-რესტორნები და სასტუმროები, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. დაიხურა აგრარული ბაზრები. ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეზღუდვებს არ ემორჩილება. წირვა-ლოცვები მრევლის თანდასწრებით ტარდება, ასევე, ძალაშია ერთი კოვზით ზიარების წესიც.

ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც სხვა აქამდე ცნობილ ვირუსზე სწრაფად ვრცელდება. მსოფლიოში მისით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 530 ათას ადამიანზე მეტი. Covid 19 პანდემიად არის გამოცხადებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 77 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. ინფიცირებულთა შორის არის სასულიერო პირიც.

კომენტარები