კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ჩვენთან არის 39 დადასტურებული პაციენტი, შემოგვემატა 6 წლის ბავშვი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი მოზარდი 6 წლისაა. 

"ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მკურნალობს 293 პაციენტი. ჩვენთან დადასტურებული არის 39 პაციენტი. გუშინ გვქონდა 28 და გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი - 6 წლის ბავშვი", - თქვა ეზუგბაიამ.  

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 6 მოზარდი მკურნალობს, ყველა მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა რთული არ არის, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

"ალბათ, გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება", - თქვა მან.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 370 დადასტურებული შემთხვევიდან 90 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. მათგან 50 გამოჯანმრთელებულია.  

რაც შეეხება სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, 2 კრიტიკულ პაციენტთან დაავადების პროგრესირება აღარ შეინიშნება. 

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ რამდენიმე დღეში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და გამოჯანმრთელებისკენ გვექნება სიტუაცია", - თქვა მან. 

ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსზე 6 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 77 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები