კორონავირუსი და საქართველო

ეზუგბაია: კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან ერთერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯამრთელდა. 16 აპრილის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 76-ია.

ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააცნო.

მისი თქმით, ერთერთი გამოჯანმრთელებული არის პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო:

"დღეს ორ პაციენტზე მივიღეთ განმეორებითი ტესტირებით უარყოფითი პასუხი. პაციენტი, რომელიც დღეს გავწერეთ, როგორც გამოჯანმრთელებული, არის ერთერთი ყველაზე მძიმე, კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავდა არაინვაზიურ ვენტილაციაზე. ეს პირველი კრიტიკული პაციენტია, რომელიც ჩვენი ცენტრიდან გაეწერა და  ძალიან სასიხარულოა," - თქვა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას ცნობით, 16 აპრილის დილის მონაცემებს კიდევ ოთხი დადასტურებული ინფიცირებული დაემატა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 340 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 000 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494. 

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტს მიმართა, საგანგებო მდგომარეობა 10 აპრილამდე გახანგრძლივდეს. 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. საქართველოში კომენდანტის საათი 31 მარტიდან ამოქმედდა. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

კომენტარები