კორონავირუსი და საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, სულ - 340

16 აპრილის დილის შემდეგ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ჯამში 340 შემთხვევაა დადასტურებული.

აღსანიშნავია, რომ დილის მონაცემებით, დაინფიცირებულთ რაოდენობა 30-ით იყო გაზრდილი.

შემთხვევების მატების შესახებ ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააცნო. 

მისივე თქმით, 16 აპრილს ასევე დადასტურდა ორი პაციენტის გამოჯანმრთელება. ამრიგად, ამ დროისთვის საქართველოში სულ 76 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 000 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494. 

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტს მიმართა, საგანგებო მდგომარეობა 10 აპრილამდე გახანგრძლივდეს. 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. საქართველოში კომენდანტის საათი 31 მარტიდან ამოქმედდა. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ეკლესიებში მიმდინარეობს წირვა-ლოცვები და მრევლს ერთი კოვზიდან აზიარებენ. ხელისუფლება საპატრიარქოს დათანხმდა, რომ აღდგომის ღამის ლიტურგიას მოქალაქეებიც დაესწრონ. კომენდანტის საათის გამო, აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.

კომენტარები