კორონავირუსი და საქართველო

ბაქრაძე: ამ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ადეკვატურ ანაზღაურებად ვერ ჩაითვლება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, სახელფასო დახმარების გაცემა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად. 

ბაქრაძე ამბობს, რომ სახელფასო კომპენსაციის გაცემა ევროპული საქართველოს გეგმის ნაწილია, თუმცა არა იმ ფორმით და მოცულობით, როგორც ამას ხელისუფლება გეგმავს. 

ბაქრაძე სამ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ვერ ჩაითვლება 150-ლარიანი კომპენსაცია ადეკვატურ ნაბიჯად:

  1. საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი არის 199 ლარი, და იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება საარსებო მინიმუმს აძლევს მოსახლეობას და თან არ ითვალისწინებს მათი საწყისი ხელფასის ზომას, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სამართლიანი კომპენსაცია;
  2. ეს კომპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს, მათ შორის თვითდასაქმებულებს, განსაკუთრებით სოფლებში თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ანუ იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება;
  3. გადასახადების შემცირების, საპენსიო ფონდიდან შენატანების გატანის საშუალების მიცემის და სხვა კომპლექსური ზომების გარეშე, ცალკე აღებულ 150 ლარს, რომელიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, ვერ ექნება მოსახლეობის დახმარების და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ფუნქცია.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის.

შესაბამისი ინფორმაცია მსოფლიო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე სპეციალურ ანგარიშშია ასახული, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მიღებულ ანტი-კრიზისულ გეგმებს ეხება. ინფორმაცია 13 აპრილს გახდა ცნობილი. 

კომენტარები