ახალი კორონავირუსი საქართველოში

მამა ანდრია ტერორისტია - მოქალაქე გიორგი ოკმელაშვილმა დეკანოზ ჯაღმაიძეს პოლიციაში უჩივლა

მოქალაქე გიორგი ოკმელაშვილმა საპატრული პოლიცია გამოიძახა და თქვა, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ტერორიზმის მუხლით უჩივის.

მისთვის მიუღებელია ჯაღმაიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგომის ღამეს ლიტურგიაზე დასწრებას მოქალაქეები შეძლებენ, რადგან ეს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.

"მამა ანდრიას ვუჩივი სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით (განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა), რომ არის ტერორისტი. მინდა ყველამ დარეკოთ და იჩივლოთ", - თქვა მან ვიდეოში, რომელიც თავისივე ფეისბუქ გვერდზე დადო.

15 აპრილს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ, ხელისუფლება კი ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს.

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. შესაბამისად, მრევლი ტაძრებში თავს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩნენ.

გარდა ამისა, 17 აპრილიდან 10 დღის განმავლობაში მოქალაქეებს სასაფლაოზე გასვლა ეკრძალებათ.

პარალელურად ექიმები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა პაციენტების დიდ ნაკადს ვერ გაუძლებს და მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვენ.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა. Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 128 ათასზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა 15%-ს 80 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ.

16 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში Covid 19-თ ინფიცირების 336 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 74, გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კომენტარები