ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები პანდემიისას - საქართველო TOP 40-ში ვერ მოხვდა

ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ჯგუფმა Deep Knowledge Group გამოაქვეყნა იმ 40 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც პანდემიისას ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველაზე მეტადაა დაცული.

კვლევის ფარგლებში ექსპერტების ჯგუფმა 200 ქვეყნის მონაცემები შეაგროვა და გააანალიზა. ქვეყნების შეფასებისას შემუშავებული იყო ოთხი ძირითადი კრიტერიუმი - კარანტინის ეფექტიანობა, მთავრობის მართვის ეფექტიანობა, მონიტორინგი და გამოვლენა, გადაუდებელი დახმარებისთვის მზაობა. თითოეული ეს კრიტერიუმი, თავის მხრივ, ექვსი ქვეკრიტერიუმისგან შედგება. 

სიის სათავეში ისრაელი მოექცა, მეორე და მესამე ადგილზე კი გერმანია და სამხრეთ კორეაა. წამყვან 40 ქვეყანაში მოხვდნენ ესტონეთ და ლატვია, შესაბამისად, 31-ე და 39-ე ადგილებზე. საქართველოს მეზობლებიდან სიაში მხოლოდ თურქეთი მოხვდა (36-ე), საქართველო კი სიაში არაა.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, წარმატებულმა ქვეყნებმა სამედიცინო მკურნალობასა და ჯანდაცვის მართვასთან ერთად გამოიყენეს ისეთი ტექნოლოგიებიც, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა და Big data ანალიზი.

ჯგუფი კვლევას კვლავ გააგრძელებს და სიას პერიოდულად განაახლებს, შეაფასებს რა ქვეყნებს სხვა კრიტერიუმებითაც, როგორებიცაა ეკონომიკური მოწყვლადობა და გეოპოლიტიკური რისკი.

კომენტარები