ეკლესია და კორონავირუსი

ბოკერია: შედეგებზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი მთავრობაა, მორალურად - სასულიერო პირები

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება საპატრიარქოსა და მთავრობის 15 აპრილის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ მის ყველა შედეგზე პოლიტიკურად პასუხიმგებელია მთავრობა, რომელმაც არ აღასრულა საკუთარი მოვალეობა, ხოლო მორალური პასუხიმგებლობა ეკისრებათ სასულიერო პირებს. 

"ამ სამარცხვინო ამბის შედეგად ორი უზარმაზარი ზიანი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და მოქალაქეებმა. პირველი, ეს არის ეპიდემიის გავრცელებაში ნახტომის სერიოზულად გაზრდილი საფრთხე და მეორე - სამოქალაქო სახელმწიფოს საფუძვლების შემდგომი მორყევა, ამ მთავრობის პირობებში, თანასწორობის პრინციპის, სამართლიანობის და კონსტიტუციის დარღვევის", - ამბობს ბოკერია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება. 

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.

ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა მანამდეც და მრევლი ერთი კოვზით ეზიერებოდა.

ქვეყანაში აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაბამისი ჯარიმებიც მოქმედებს, მაგრამ ეკლესიებში ხალხმრავლობებზე მთავრობა არ რეაგირებს. 

კომენტარები