კორონავირუსი და ეკლესია

EDISON RESEARCH: მოსახლეობის 60% თვლის, რომ ერთი კოვზით ზიარება პანდემიის დროს სახიფათოა

ტელეკომპანია ფორმულას მიერ Edison Research-ის მიერ შეკვეთილი სატელეფონო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ერთი კოვზით ზიარება ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში საფრთხის შემცველია. 

კითხვაზე, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა განაცხადა, რომ მოძღვრებს შეუძლიათ, გააგრძელონ ხალხის ზიარება ერთი კოვზით. როგორ ფიქრობთ, უქმნის თუ არა საფრთხეს ეს გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის დროს?", მოსახლეობის 60% პასუხობს, რომ უქმნის, 40% კი საპირისპირო აზრზეა. 

პანდემიის, საგანგებო მდგომარეობის, ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის, ე.წ კომენდანტის საათისა და 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში ღვთისმსახურება კვლავ მრევლის თანდასწრებით იმართება, წირვის მიწურულს კი მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

18 აპრილს სააღდგომო ლიტურგიის დაწყებამდე პატრიარქი ილია II სამებაში კანონდარღვევით აპირებს მისვლას. ე.წ კომენდანტის საათის მიხედვით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე მოქალაქეების გადაადგილება აკრძალულია, პატრიარქი კი სამების საკათედრო ტაძარში მისვლას 23:00 საათისთვის აპირებს, შემდეგ კი სააღდგომო ლიტანიობა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. 

ამ დრომდე არაფერი თქმულა იმის შესახებ, კომენდანტის საათის პირობებში, როგორ უნდა მივიდეს მრევლი ეკლესიებში ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, თუმცა პრემიერმინისტრ გახარიას განცხადების მიხედვით, როგორც ჩანს, მთავრობას "მოქალაქეების სიბრძნის" იმედი აქვს. 

ეს განცხადება პრემიერმინისტრმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. იქამდე მთავრობის წევრები და მღვდელმთავრები ამბობდნენ, რომ მათ ერთმანეთთან "აქტიური" და "ეფექტური" კომუნიკაცია აქვთ და "საერთო ენის" გამონახვას ცდილობენ. 

უცნობია, შეუერთდება თუ არა საქართველოს საპატრიარქო მსოფლიოში 15-დან 12 მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელმაც ღვთიმსახურებების მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. 

ინფექციონისტები მრევლს მოუწოდებენ, აღდგომის ღამით სახლში დარჩნენ და ეკლესიებში არ მივიდნენ. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკს სწორედ აღდგომიდან 2 კვირაში ელოდება. 

კომენტარები