კორონავირუსი საფრანგეთში

მაკრონმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთში კარანტინის ზომები 11 მაისამდე გაგრძელდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში კარანტინის ზომები 11 მაისამდე გაგრძელდება. მაკრონმა თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში პროგრესი არის, თუმცა ბრძოლა არ დამთავრებულა.

მაკრონმა აღიარა, რომ ქვეყანა ადრეულ ეტაპზე საკმარისად არ იყო მომზადებული, თუმცა, მისი თქმით უპრეცედენტო შეზღუდვებმა შედეგი მოიტანა.

"ეპიდემია ნელდება. შედეგები სახეზეა. ყველას ძალისხმევით ყოველდღიურად პროგრესი გვაქვს. კარგად მესმის, თუ რამხელა ძალისხმებას ვითხოვ თქვენგან. როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? ძალიან მინდა, პასუხი მქონდეს. პირდაპირ რომ ვთქვა, კონკრეტული პასუხი არ გვაქვს", - მიმართა მან მოქალაქეებს.

საფრანგეთში კარანტინის რეჟიმი უკვე 4 კვირაა მოქმედებს. მოქალაქეებს სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებებისთვის, საკვებისა და მედიკამენტების საყიდლად, სამსახურში წასასვლელად, სამედიცინო დახმარების მისაღებად და ინდივიდუალური ვარჯიშისათვის აქვთ.

მაკრონის თქმით 11 მაისიდან ეტაპობრივად გაიხსნება სკოლები და საბავშვო ბაღები, თუმცა რესტორნები, სასტუმროები, კაფეები და კინოთეატრები კიდევ გარკვეული პერიოდით იქნება დახურული. უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს და გამოცდებს ზაფხულამდე ვერ განაახლებენ. მოხუცებს და რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს თვითიზოლაციაში ყოფნა კარანტინის მოხსნის შემდეგაც მოუწევთ. მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც გარეთ გავა, მთავრობა ნიღბებს მიაწვდის. მაკრონმა თქვა, რომ იმ დასაქმებულთათვის, ვინც სამუშაო ადგილის გამო, ყველაზე მოწყვლადია, ასევე მათთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს, პირბადეების ტარება შესაძლოა სისტემატური გახდეს.

"11 მაისი ახალი ფაზის დასაწყისი იქნება. ეს პროგრესული იქნება და წესები ჩვენს მიერ მიღწეული შედეგების მიხედვით ადაპტირდება", - თქვა მან.

საფრანგეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 143,303-ს მიაღწია, დაიღუპა 15,729 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 28,805.

კომენტარები