ეკლესია და კორონავირუსი

ბოკერია: ქრისტიანობის სახელით ზომების არმიღება უდიდესი უპასუხისმგებლობაა

ტაბულა

"საქართველო არ არის ირანი, სადაც ერთი ყველაზე მსხვილი რელიგიური ჯგუფის ხელმძღვანელები მართავენ ქვეყანას და ადგენენ კანონებს, თავისთვის და სხვისთვის", - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კორონავირუსის გავრცელების ფონზე ეკლესიის ქმედებებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სეკულარული სახელმწიფოა და კონსტიტუციით იმართება.

"დიახ, საქართველოში ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიაა ყველაზე მსხვილი, ყველაზე ტრადიციული და დიდი ისტორიული როლის მქონე, მაგრამ ეს არის მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანა, სადაც კანონის წინაზე ყველა თანასწორია. ქრისტიანული რელიგიით და ამ ინსტიტუტით გამართლება რაიმე ზომების არ მიღების, რომელიც ხელისუფლების აზრით საჭიროა მოქალაქეების დაცვისთვის, არის უდიდესი უპასუხისმგებლობა", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, იმ შეზღუდვებით, რომლებიც მთავრობამ დააწესა კანონმორჩილი მოქალაქეები ზარალდებიან. ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი შეზღუდვა საერთოდ აბსურდულია, თუმცა მისივე თქმით, ეკლესიის მხრიდან შეზღუდვების რაციონალური ნაწილიც არ სრულდება. 

"ყველაზე მსხვილი რელიგიური ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილზე და მათ ხელმძღვანელობაზე ეს წესები არ გავრცელდა, რაც უაზრობას და ფარსს ხდის, ზოგადად  შეზღუდვებს. გამოდის, რომ კანონმორჩილი და შეგნებული მოქალაქეები ამ ვითარებაში დაზარალებულები, თან არაფრისთვის პრაქტიკულად", - ამბობს ბოკერია.

ბოკერია გიორგი გახარიას მოწოდებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბრძენი მოქალაქეების იმედი აქვს. ბოკერია ამბობს, რომ შეგნებული და კანონმორჩილი ადამიანები მთავრობის ჩარევის გარეშეც ემორჩილებიან კანონს.

"მთავრობა გვჭირდება იმ ვითარებებისთვის, სადაც ვიღაც კანონს არ ემორჩილება. და თუ ცოლ-ქმარი დააჯარიმეს 3000 ლარით ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის, სხვა შემთხვევაში, იქ, სადაც გავლენიანი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, იქ რატომ არ იყენებენ ამ ჯარიმებს?!", - ამბობს ბოკერია.

ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკლესიებში წირვა-ლოცვა გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, მრევლი ერთი კოვზით აზიარეს.

ამავე დღეს ხალხს ვნების კვირეულის განრიგი გააცნეს და უთხრეს, რომ აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ სამ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, თუმცა ეკლესიაში შექმნილ ხალხმრავლობაზე არ რეაგირებენ. 

13 აპრილს საქართველოში ახალი კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა. მან 7 აპრილს, ხარებას, წირვა აღავლინა, ჩაატარა ზიარებაც. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

კომენტარები