კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 6 არასრულწლოვანი გვყავს, მათ შორის ყველაზე პატარა თავს ყველაზე კარგად გრძნობს

მარიამ ნიკურაძე/OC Media

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 არასრულწლოვანი მკურნალობს.

"მათ შორის ერთი ყველაზე პატარაა. ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს. დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია", - თქვა ეზუგბაიამ.  

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"დაახლოებით, კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. გუშინდელს მერე პროგრესირება არცერთთან არ არის. არსებულ პაციენტებში დაახლოებით 50%-ზე მეტს მძიმე პნევმონია აქვს, თუმცა მათი მართვაც, საბედნიეროდ, მიდის კარგად - არსებული მკურნალობის ფონზე პროგრესირება ნაკლებად შეიმჩნევა", - თქვა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 10 ახალი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მათგან ინფექციურ კლინიკაში 2 პაციენტია მოთავსებული. ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებული 306 ადამიანიდან 86 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. მათგან 46 გამოჯანმრთელდა, 39 კი მკურნალობას აგრძელებს. 

"გუშინ ჩატარდა კვლევები და პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ დაახლოებით 5 პაციენტზე. მათი კვლევა გაგრძელდება. დღეს პირველ ჯერზე კვლევები 8 პაციენტზე ტარდება", - თქვა ეზუგბაიამ.   

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეზუგბაიას თქმით - "ყველა ეტაპზე ერთი და იგივე რეკომენდაციაა, არ იცვლება - დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს." 

"წინასწარ ნუ ვიტყვით, ათასები იქნება თუ არა [ინფიცირებულთა რაოდენობა] ასეულებიც ნუ იქნება. არსებული სიტუაციიდან და გამკაცრებული ღონისძიებების ზუსტი შესრულების შემთხვევაში ჩვენი სურვილია ათეულებზე მეტი არ იყოს. თუ ათეულებზე მეტი არ იქნება, ის რესურსები, რაც გვაქვს, ალბათ საკმარისი იქნება და შევძლებთ, დავძლიოთ ეს პრობლემა", - თქვა მან.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

კომენტარები