კორონავირუსი საქართველოში

გახარია: თუ შეზღუდვები მკაცრად არ შესრულდება, არის რისკი, მისი მოხსნა თვეობით გადავადდეს

TV Pirveli

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში შეზღუდვები მალე მოიხსნას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა იმ რეგულაციის შესრულება, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით შემოიღო. 

გახარიას თქმით, თუ მოქალაქეები რეგულაციებს მკაცრად არ დაიცავენ, შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნის ეტაპი თვეობით გადავადდეს.

"უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც, შეგვიძლია, ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც და დავიწყოთ თანმიმდევრული მოხსნა ამ შეზღუდვების. სხვა შემთხვევაში, თუ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით," - თქვა გახარიამ. 

პრემიერის თქმით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელება დაიწყო. ამის გამო, გიორგი გახარია პრეზიდენტს მიმართავს, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაახანგრძლივოს.

31 მარტიდან ქვეყანაში "ფაქტობრივი კარანტინი" და კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთის ოთხი და ხაშურის ერთი სოფელი.

საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 69 და გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კომენტარები