კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი ანდრია: კანონი არ უნდა დავარღვიოთ, ვნახოთ, რა პოზიცია ექნება სახელმწიფოს საბოლოოდ

პირველი არხი

"დავაზუსტებთ, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ მოვუწოდებთ მრევლს, რომ კანონი არ დაარღვიონ" - ამის შესახებ პატრიარქის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღდგომის ლიტურგიასთან დაკავშირებით თქვა. მან აღნიშნა, რომ მრევლმა უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტების რეკომენდაციები, თუმცა, ელოდებიან, "რა პოზიცია ექნება სახელმწიფოს საბოლოო ჯამში". 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ 21:00-ის შემდეგ, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება კანონდარღვევა იქნება.

"ვისაც უნდა მოსვლა, მათ არ ვეუბნებით, რომ არ მოხვიდეთ, უბრალოდ, მათ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ გაფრთხილებების ფონზე, რაც მიმდინარეობს, ჩვენ ამას ყველაფერს ვითვალისწინებთ და მაგალითს ვაძლევთ, რომ ვითვალისწინებთ ამ გაფრთხილებებს. ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა იმისთვის, რომ ეკლესიები გახმოვანებულიყო, ძალიან ბევრი ტაძარი ღვთისმსახურებას სრულად ეზოში აღასრულებს, ჩემთან ტაძარში მრევლი გარეთ დგას. სტიკერები დაიხაზა და ეს ყველაფერი მრევლისთვის არის მიმანიშნებელი, რომ რეალურად ჩვენ ვცდილობთ, რომ გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია. მათთვისაც ეს გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა.

ჩვენ ვიცით ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები, ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერის გათვალისწინებით აღვასრულოთ მსახურება. ზოგადად ეს არის და ხვალ დაწვრილებით იქნება დეტალებზე საუბარი.

ვნახოთ, რა პოზიცია ექნება სახელმწიფოს საბოლოო ჯამში, მე ვერ ვიტყვი მათ ნაცვლად დღეს, თუმცა, ჩვენი ზოგადი მოწოდება, როგორიც იყო აქამდე, რომ არ უნდა დავარღვიოთ მითითებები, კანონი არ უნდა დავარღვიოთ, ეს შენარჩუნდება" - ამბობს დეკანოზი.

13 აპრილს, სამებაში შეკრებილ მრევლს გამოუცხადეს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, სამებაში სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. არქიდიაკონ დემეტრეს ინფორმაციით, აღდგომის წინა ღამეს, 23:00 საათზე, პატრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში მივა, შემდეგ კი ლიტანიობა დაიწყება. არქიდიაკონის ინფორმაციითვე, სამებაში ვნების კვირეულის ღვთისმსახურებები და სააღდგომო ლიტურგიაც ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, იქნება ლიტანიობა.  

"სამშაბათს, საღამოს 4 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება იქნება, შაბათს დილით 7 საათზე შესრულდება წესის აგება, იქნება ჟამების კითხვა, ხოლო 9 საათზე შესრულდება წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. შაბათს, საღამოს 22:00 საათზე, წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ხოლო 12 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია," - თქვა არქიდიაკონმა. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

ქვეყანაში გამოცხადებულია ე.წ კომენდანტის საათი და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

კომენტარები