კორონავირუსი საფრანგეთში

მაკრონი: 11 მაისიდან შევძლებთ, ტესტი ჩავუტაროთ ყველას, ვისაც გამოუვლინდება სიმპტომი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მომდევნო კვირების მანძილზე ეტაპობრივად გაიზრდება საფრანგეთში ჩატარებული COVID 19-ის ტესტების რაოდენობა, 11 მაისიდან კი შესაძლებელი იქნება, ტესტი ჩაუტარდეს ყველას, ვისაც ვირუსის სიმპტომი გამოუვლინდება.

"მომდევნო კვირებში გავაგრძელებთ ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობის ზრდას," - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ამისათვის, მაკრონის თანახმად, "მობილიზებული იქნება ყველა საშუალება - ყველა სახელმწიფო და კერძო ლაბორატორია."

მისი თქმით, თავდაპირველად პრიორიტეტი მიენიჭებათ ექთნებს, ხანშიშესულებს და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს.

"11 მაისს გვექნება საშუალება, ჩავუტაროთ ტესტი ყველა ადამიანს, ვისაც გამოუვლინდება სიმპტომები.

ყველა ფრანგს ტესტს არ ჩავუტარებთ, ამას აზრი არ ექნება. თუმცა ყველა ადამიანს, ვისაც ექნება სიმპტომი, უნდა შეეძლოს, ტესტი ჩაუტარდეს." - აცხადებს ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ვისაც ვირუსი დაუდგინდება, კარანტინში გადაიყვანენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

13 აპრილის საღამოს გამოსვლაში ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ისიც, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე ხანგრძლივდება, 11 მაისიდან კი ეტაპობრივად დაიწყება ზომების შერბილება - თავდაპირველად გაიხსნება სკოლები და საბავშვო ბაღები.

ეპიდემიის გავრცელების მომენტიდან დღემდე, საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 98,076 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 14,967 პაციენტი.

კომენტარები