ოქრუაშვილის საქმე

აშშ-ის საელჩო ოქრუაშვილზე: მოვუწოდებთ ხელმომწერ მხარეებს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება

internedia

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება",- აშშ-ის საელჩო ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

"ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება", - წერია განცხადებაში. 

20 ივნისის აქციის საქმეზე 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ცნეს. 

შეთანხმება, რომლზეც საელჩოს განცხადებაშია საუბარი, 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით დაიდო. საარჩევნო სისტემის გარდა, შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, რომ შეხვედრაზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა. 

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

კომენტარები