ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
"ჩემი პოზიცია ასეთია, რომ დღევანდელ სიტუციაში, ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდება, იმიტომ, რომ, რაც უფრო მკაცრად და ზედმიწევნით დავიცავთ შეზღუდვებს და რეკომენდაციებს, მით უფრო ჩქარა გავივლით პიკს და გავუშვებთ ეპიდემიას დაღმავალი გზით.
ეს ნიშნავს, რომ უფრო ჩქარა მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა და გაცოცხლდება ქვეყნის ეკონომიკა", - ამბობს ცერცვაძე.
ამასთანავე, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკური რეცესია ქვეყნისთვის შესაძლოა უფრო დიდ გამოწვევად იქცეს, ვიდრე პანდემია.
"მთავარია, ეკონომიკური რეცესია არ იყოს იმდენად ღრმა, რომ შემდეგ ეპიდემიამ გაიაროს, მაგრად ეკონომიკის აღდგენა ვერ მოხერხდეს.
ეს არანაკლები და შეიძლება უფრო მძიმე გამოწვევაც იყოს, ვიდრე ეპიდემია. ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორებია, მაგრამ რაც უფრო მკაცრად შევასრულებთ რეკომენდაციებს დღეს, მით უფრო მალე გავთავისუფლდებით ამ შეზღუდვებისგან", - თქვა ცერცვაძემ.





