კორონავირუსი

27 მარტი-12 აპრილის პერიოდში 3 000 ლარით 3 393 ადამიანი დააჯარიმეს, რაც 10 მილიონზე მეტია

27 მარტის შემდეგ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 3393 ადამიანი დააჯარიმეს. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია, რაც მთლიანობაში, 10 მილიონ ლარს აჭარბებს.

მოქალაქეებს აჯარიმებენ კომენდანტის საათის, ავტომობილით გადაადგილების წესის და მგზავრთა გადაყვანის, თვითიზოლაციის წესის, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის. ასევე, ორმეტრიანი დისტანციის დაუცველობისა და სამზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა. 31 მარტიდან კი კომენდანტის საათიც ამოქმედდა. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და სხვა. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, რომელიც წვეთოვანი გზით გადაეცემა და რომელთა საბრძოლველადაც სოციალური დისტანცირება მსოფლიოში აპრობირებული ხერხია.

თუმცა, საქართველოში ამ წესის დაცვას არ აპირებს საპატრიარქო - ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივად ტარდება, არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვლილა. 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ილია მეორეც იმყოფებოდა, რომელიც 87 წლისაა, ამასთან თანმდევი დაავადებები აქვს და მისი ინფიცირება განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცველია. მიმდინარე კვირას არის დიდი ხუთშაბათიც, როცა განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ეზიარება, 19 აპრილს კი - აღდგომაა. ეკლესია მრევლს ტაძრებში ტაძრებში მისვლისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას კი, მისთვის კანონის დარღვევისა და მომეტებული საფრთხის შექმნისთვის პასუხი არ მოუთხოვია. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პიკი დღესასწაულებს დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები