კორონავირუსი საქართველოში

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად კიდევ 2, მადრიდის და პრაღის რეისი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად კიდევ ორი რეისი დაინიშნა. მისი თქმით, თბილისი-მადრიდი-თბილისი 30 აპრილს, ხოლო თბილისი-პრაღა-თბილისი 2 მაისს შესრულდება. 

უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგნაირი:

  • 14 აპრილი — თბილისი-ამსტერდამი-თბილისი
  • 16 აპრილი — თბილისი-პარიზი-თბილისი
  • 18 აპრილი — თბილისი-თელავივი-თბილისი
  • 21 აპრილი — თბილისი-რომი-თბილისი 
  • 22 აპრილი — თბილისი-ბარსელონა-თბილისი
  • 27 აპრილი — თბილისი-ვარშავა-თბილისი 

მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, 5040 მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. 

"ამასთან ერთად, საქართველოს საელჩოებმა და საკონსულოებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 4 051 მოქალაქეს. ჩვენ ყოველდღიურად განვაახლებთ ამ მონაცემებს"- თქვა ზალკალიანმა. 

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უკვე დააბრუნეს შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი. 

ამის მიუხედავად, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ დანიშნული რეისები და ბილეთები საკმარისი არ არის, ზოგიერთ მათგანს კი, ბილეთებისთვის საკმარისი თანხა არ აქვს. მათმა ნაწილმა უცხოეთში საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი დაკარგა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს 27 მარტს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ემიგრანტების დაბრუნებაში დახმარება შესთავაზა, თუმცა უწყებამ მის შეთავაზებას აზრს მოკლებული უწოდა. 

ასევე, 6 აპრილს უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების გზებზე ისაუბრა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ბოკერიას თქმით, საქართველოს 6 000-დან 10 000 მოქალაქამდე ქვეყანში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემას ფრენების სირთულით ხსნიან, თუმცა, რეალურად, პრობლემა საკარანტინო ადგილების არასაკმარისი რაოდენობაა. ბოკერია ამბობს, რომ საკარანტინო სივრცის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნების სურვილი დააფიქსირეს, სახელმწიფომ კი მათი დაბრუნება ვერ მოახერხა, კომპენსაცია უნდა მიიღონ. ასევე, სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს იმ ემიგრანტებს, რომლებიც მომავალში დააფიქსირებენ სურვილს და სახელმწიფო მათ 10 დღის განმავლობაში ვერ ჩამოიყვანს.

კომენტარები