ახალი კორონავირუსი საქართველოში

პეტიცია: ყველა ინსტიტუტს თანაბრად მოეთხოვოს მოქალაქეთა შეკრების წესების დაცვა

საქართველოს მოქალაქეები პეტიციას ავრცელებენ და ითხოვენ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველა ინსტიტუტს თანაბრად მოეთხოვოს შეკრების წესის დაცვა.

მის ტექსტში ვკითხულობთ:

"საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, მორწმუნე ქრისტიანებიც, მივიჩნევთ:

რაკი სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ეპიდემიის გავრცელების აღსაკვეთად, პირველ რიგში, უნდა შეზღუდულიყო ეკლესიებსა და სხვა რელიგიურ დაწესებულებებში შეკრების წესი. ეს თავიდან აგვარიდებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ახალი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის, ქვეყნის პარლამენტის წევრების, საპატრიარქოს განცხადების მოსმენის შემდეგ, მოგიწოდებთ:

  • დაიცვათ მოქალაქეების სიცოცხლის უფლება და ყველა ინსტიტუციას, შერჩევითი პრინციპის გარეშე, მკაცრად მოეთხოვოს საჯარო შეკრების დროებითი წესებისა და უსაფრთხოების სხვა ნორმების დაცვა, მათ შორის, ზიარების წესის კომპრომისული ხერხით შეცვლა.
  • ხელშეუხებელი დარჩეს საქართველოს მოქალაქის ყველა ძირითადი თავისუფლება.
  • დაიწყოს მუშაობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალუურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონკორდატის გასაუქმებლად".

პეტიციის ხელმოწერა შეგიძლიათ აქ

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობს და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, ჩატარდა ერთი კოვზით ზიარება. სამების ტაძარში ლოცვა პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

12 აპრილს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგიც გააცნეს. აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია, ასევე, დაუშვებელია, 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.

დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. ქობულეთის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, თერჯოლა და ბოლნისი. თუმცა, ეკლესია კანონს არ ემორჩილება და მათ ამისკენ არც ხელისუფლება მოუწოდებს

კომენტარები