კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში შესაძლოა ზომების შერბილება მაისიდან დაიწყოს

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, შესაძლოა, კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების შერბილება მაისიდან დაიწყოს.

"ვფიქრობ, შეიძლება, რაღაც მხრივ მაინც, შემდეგი თვიდან დაიწყოს [ზომების შერბილება]", - თქვა ფაუჩიმ CNN-ის ეთერში.

"იმედი გვაქვს, თვის ბოლოს შევძლებთ მიმოვიხედოთ და ვთქვათ - არის ისეთი რამ, რისი უსაფრთხოდ და ფრთხილად მოშვებაც შეგვიძლია? თუ ასეა, უნდა ვქნათ. თუ არა, ყველაფერი უბრალოდ ასე გაგრძელდება", - აცხადებს აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი.

მისი თქმით, ზომები შერბილდება არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა და განსხვავებული დოზით ქვეყნის განსხვავებულ ნაწილში.

"შუქის ანთებასავით ვერ იქნება", - ამბობს ფაუჩი.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 530 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 20 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 32 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები