ეკლესია და კორონავირუსი

ილია II: ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელს

პატრიარქი ილია მეორე

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქი ილია მეორეც ესწრება. მართლმადიდებელი მრევლი ბზობას აღნიშნავს. პატრიარქმა ქადაგებისას თქვა, რომ როცა უფალი განსაცდელს გვაძლევს და მას მადლიერებით მივიღებთ, ის "ძალას მოგვცემს, რომ ის გადავიტანოთ"

"მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს! ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას. ბზობა ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა. ადამიანის განწმენდა,"- თქვა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ "განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული"

"სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში, ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღოო ეს განსაცდელი. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, ქართველი ადამიანი ძლიერია სულით,"- თქვა ილია მეორემ. 

სამებაში შეკრებილ მრევლს გამოუცხადეს, რომ კორონავირუსის​ გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად სამებაში სააღდგომო ლიტურგია, კანონდარღვევით, ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. არქიდიაკონ დემეტრეს ინფორმაციით, აღდგომის წინა ღამეს, 23:00 საათზე, პატრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში მივა, შემდეგ კი ლიტანიობა დაიწყება.  

ქვეყანაში გამოცხადებულია ე.წ კომენდანტის საათი და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია. რეჟიმის დარღვევისთვის უკვე ასეულობით ადამიანია დაჯარიმებული, თუმცა, სახელწმიფო კანონს სასულიერი პირების და მრევლის შემთხვევაში არ აღასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

კომენტარები