აშშ-მა Covid 19-ით დაღუპულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო, ქვეყანას 19 714 გარდაცვლილი ჰყავს

Pinterest

ბოლო 24 საათში აშშ-ში ახალ კორონავირუსს კიდევ 967 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 19 714. აშშ-ში კორონავირუსისგან დაღუპულთა ჯამურმა რაოდენობამ იტალიას გაასწრო. იტალიაში ახალ ვირუსს 19 468 პირი ემსხვერპლა.

11 აპრილს აშშ-ში ახალი ვირუსი 4 447 ადამიანს გამოუვლინდა. ქვეყანაში სულ 2 565 387 პირს ჩაუტარეს ახალი კორონავირუსის ტესტი, აქედან 507 323 პირს ახალი ვირუსი დაუდასტურდა.

აშშ-ში ნიუ-იორკი ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია - დადასტურებული შემთხვევებიდან 174 489 ნიუ-იორკზე მოდის.

აშშ-ში 28 210 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. 459 399 ადამიანი კვლავ განაგრძობს მკურნალობას, აქედან 10 947 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამ დროისთვის გუბერნატორებისგან აღარ იღებს ზარებს სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა დახმარების შესახებ:

"ხელოვნური სუნთქვის აპარატების, თავდაცვითი ტანისამოსის მხრივ დიდებულ ფორმაში ვართ, თვითმფრინავებით კიდევ დამატებითი აღჭურვილობა მოდის", - ამბობს ის.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აშშ-ში მკაცრი ზომების გატარება მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო. შეწყდა ავიამიმოსვლა ევროკავშირიდან, მსხვილ ქალაქებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდა შეზღუდვები სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაზე. 

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, გასულ კვირას 6.6 მილიონმა ადამიანმა უმუშევრობის შემწობა მოითხოვა. ბოლო ოთხ კვირაში, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, ეს რიცხვი უკვე 17 მილიონამდეა ასული.

თეთრმა სახლმა უკვე მიიღო ეკონომიკის სტიმულირების 2-ტრილიონიანი პაკეტი, რომელიც სხვა ნაბიჯებთან ერთად, ამერიკელებისთვის 1,200 დოლარის ოდენობით პირდაპირი ფინანსური დახმარების გაცემას გულისხმობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - 30 აპრილის შემდეგ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები უნდა გაახანგრძლივოს, ან ხალხი სამსახურში დაბრუნებისკენ წაახალისოს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 აპრილს თქვა, რომ ეს ყველაზე დიდი გადაწყვეტილება იქნება, რომლის მიღებაც მას უწევს.

მსოფლიოში კორონავირუსი 1 733 723 ადამიანს დაუდასტურდა. 106 416 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 392 824 პირი.

კომენტარები