კორონავირუსი და ეკლესია

კარანტინში მოქცეული ეპარქიების მღვდელმთავრები წირვა-ლოცვას აგრძელებენ

ახალი კორონავირუსის ინფექციის შიდა გადაცემის რამდენიმე შემთხვევის აღრიცხვის გამო, მარნეულის, ბოლნისისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში სრული კარანტინი გამოცხადდა. 

მიუხედავად ამისა, ეპარქიებში ღვთისმსახურებები არ შეჩერდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეპარქიებში დაუდასტურეს. 

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ დღეს თავად აღავლინა წირვა და ხვალ ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიაც გაიმართება. 

"რა თქმა უნდა, სააღდგომო ლიტურგიაც იქნება. ვერ შეხედეთ, რა მოხდა? ჭამა-სმაში და ერთ ამბავში მოხდა დაინფიცირება და არა წირვა-ლოცვაში,"- ამბობს მიტროპოლიტი. 

კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა გადაცემის რამდენიმე ფაქტი აღირიცხა, ხომ არსებობს შანსი, მაგალითად, ერთი კოვზით ზიარების დროს ეკლესიაშიც მოხდეს ახალი კორონავირუსის გავრცელება, მიტროპოლიტი გვპასუხობს, რომ "ურწმუნო ხალხში შანსი ყველაფრის არსებობს და როცა მორწმუნე ადამიანი მოდის უფალთან საზიარებლად, იქ არაფერი მოხდება". 

"რახან კარანტინი გამოცხადდა, ღმერთი ხომ არ გაუქმდა კარანტინის გამო? კარანტინი არის ადამიანებისთვის და ჩვენც ვწირავთ ადამიანებისთვის იმიტომ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერაფერს ვერ იზამს, ვერავის დაიცავს.

დღეს არის 4 დღის მკვდარის აღდგინების დღე, ლაზარესი. მოკვდა ადამიანი, აყროლებული იყოო მკვდრის სუნითო და ის ადამიანი აღდგა მკვდრეთით უფლის მეშვეობით. თუ ამას ადამიანი სარწმუნოებით არ მიიღებ, შენი პრობლემაა იმიტომ, რომ მერე გაქვს პრობლემა უფალთან შეხვედრის დროს. ახლა რას ილაპარაკებ, მოვა დრო და ეს ყველაფერი წინ დაგიდგება და მერე იტყვი, ვაი, ბიჭო, რას ვაკეთებდი იმ დროსო და უკვე გვიანი არ იყოს,"- ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე. 

ტაბულა ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემსაც დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ბოლნისის ეპარქიაში ღვთისმსახურებები არ შეჩერებულა და ხვალ ბზობის სადღესასწაულო წირვაც გაიმართება. რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას, ეპისკოპოსის თქმით, ეს საპატრიარქოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. 

ღვთისმსახურება გრძელდება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაშიც. ინფორმაცია ამის შესახებ ეპარქიის ოფიციალურ Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ე.წ კომენდანტის საათის პირობებში, როდესაც 21:00-დან 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია და 3 000-ლარიანი ჯარიმით ისჯება. 

მღვდელმთავრები და მთავრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ამ საკითხზე ერთმანეთთან "ეფექტური" კომუნიკაცია აქვთ და საერთო გადაწყვეტილებაზე აუცილებლად შეჯერდებიან. 

მანამდე კი დეკანოზი შალვა კეკელია გამოვიდა ინიციატივით, რომ მორწმუნე მრევლი აღდგომის ღამით ეკლესიაში 21:00 საათამდე შეიკრიბოს და ეკლესია 06:00 საათამდე არ დატოვოს. მოგვიანებით საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მამა შალვას ინიციატივას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

მსოფლიოში 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საქართველოს საპატრიარქო კვლავ რჩება მართლმადიდებელი ეკლესიების უმცირესობაში და ეკლესიებში დაცული დისტანციის მიუხედავად, წირვის მიწურულს მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

ინფექციონისტები და მთავრობის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ეკლესიაში მისვლისგან და სახლში ილოცონ. 

კომენტარები