კარანტინი ლენტეხში

სახელმწიფო რწმუნებული: ლენტეხს პროდუქტებითა და წამლებით უწყვეტ რეჟიმში მოვამარაგებთ

რუსთავი2

ლენტეხში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. მუნიციპალიტეტის შესასვლელში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ავტომანქანების დეზინფექცია. ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც COVID 19 კიდევ ოთხ ადგილობრივს დაუდასტურდა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის თქმით, კარანტინის ღამემ ლენტეხში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და თვითიზოლაციის წესები არავის დაურღვევია. მისივე თქმით, შეზღუდვები, შესაძლოა, 2 კვირა გაგრძელდეს, ან კიდევ მეტხანს. 

"გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ რეალობიდან რა რეალობაც გვექნება მოცემულ მომენტში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ოჯახური კლასტერი, შემხებლობა დიდად არ გაზრდილა და დღეის მდგომარეობით გვაქვს ასამდე პირველადი კონტაქტი"- თქვა რწუნებულმა და აღნიშნა, რომ საკვების და მედიკამენტების კუთხით შეზღუდვა არ იქნება და მუნიციპალიტეტი უწყვეტ რეჟიმში მომარაგდება.

10 აპრილიდან, ლენტეხში აკრძალულია შესვლა-გამოსვლა და მოსახლეობას მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისთვის შეუძლია გადაადგილება, როგორიც არის საკვების ან წამლების შეძენა და სამედიცინო მომსახურების მიღება. ლენტეხის რაიონში იმოქმედებს ადგილობრივი მედია, ხოლო სხვა მედიებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული მასალა. 

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მარნეულში, ბოლნისში და ამჯერად უკვე ლენტეხში კი, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა. მათ გარდა საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 ადამიანია, რომლებსაც ვირუსი უცხოეთში დაუდასტურდათ და საქართველოში სამკურნალოდ ამის შემდეგ გადმოიყვანეს. 

კომენტარები