კარანტინი ლენტეხში

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ცხადდება. მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ იქ შიდა გადაცემის 4 ახალი ფაქტი გამოვლინდა. 

"ეს გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ლენტეხის რაიონში ამოქმედდება სრული კარანტინი. ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღეისათვის არის მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში," - ამბობს ჩიქოვანი. 

მისივე თქმით, დღეიდან, 10 აპრილიდან, ლენტეხში აკრძალული იქნება შესვლა-გამოსვლა და მოსახლეობას მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისთვის შეეძლება გადაადგილება, როგორიც არის საკვების ან წამლების შეძენა და სამედიცინო მომსახურების მიღება. ჩიქოვანი ასევე აღნიშნავს, რომ ლენტეხის მოსახლეობას, სპეციალური რეჟიმის დაცვით, საშუალება ექნება აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები. 

"ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გადაცემა და შესაბამისად არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება," - ამბობს ჩიროვანი.

ლენტეხში  იმოქმედებს ადგილობრივი მედია, ხოლო სხვა მედიებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული მასალა. 

ლენტეხის შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შსს და თავდაცვის ძალები.

ჩიქოვანის თქმითვე, უკვე დაწყებულია ადგილზე თერმოსკრინინგი და თითოეული მოქალაქე შემოწმდება. ის ასევე აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს საკვების თვალსაზრისით და არანაირი ფორმით არ შეფერხდება საკვების მიწოდება ამ მუნიციპალიტეტში.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 234 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 54 გამოჯანმრთელდა, 3 კი, გარდაიცვალა. 

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მარნეულში, ბოლნისში და ამჯერად უკვე ლენტეხში კი, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები