კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ინფექციურში 35 პაციენტიდან სამის მდგომარეობა მძიმეა, სამის - გაუმჯობესდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული იმ 35 ადამიანიდან, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 პაციენტია. 

ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა პრობლემური და მძიმეა. 

"მთელი დღე-ღამის განმავლობაში არცერთთან მდგომარეობა არ გაუარესებულა, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზულად მდგომარეობა მაინც მძიმე რჩება. დანარჩენი სამის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია, სტაბილურია და შეიძლება, რომ მძიმე პაციენტებად აღარ განვიხილოთ,"- ამბობს მარინა ეზუგბაია. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა. მათ გარდა საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 ადამიანია, რომლებსაც ვირუსი უცხოეთში დაუდასტურდათ და საქართველოში სამკურნალოდ ამის შემდეგ გადმოიყვანეს. 

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი. დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია ასევე 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 

ინფექციონისტები ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პიკს აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ელიან. 

კომენტარები