კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 2 განსაკუთრებით მძიმე პაციენტიდან ერთი 3 დღის განმავლობაში სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ აფასებდნენ, სამი დღის განმავლობაში სტაბილურია. 

"7 მძიმე პაციენტზე ვლაპარაკობთ ბოლო ხანია - 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმე. ერთი პაციენტი განსაკუთრებით მძიმედან უკვე სტაბილურია 3 დღის განმავლობაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე განსაკუთრებით მძიმე არ არის, არის მძიმე პაციენტი, რომელთანაც უკვე დაიწყება მონიტორინგი ყველა მაჩვენებლის შეფასებით", - თქვა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, COVID-19-ისგან ჯამოჯანმრთელებული 52 ადამიანიდან 38 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

მისივე ცნობით, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში 14 ტესტი გაკეთდა - ყველა პასუხი უარყოფითია. დღეს კლინიკაში 7 პაციენტზე უნდა გაკეთდეს ტესტირება. 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 1 არასრულწლოვანი მკურნალობს, ეზუგბაიას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი ჩამოიყვანეს. ეზუგბაიას ცნობით, მათი მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ქვეყანაში COVID-19-ის 227 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 52 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა მოქმედებს. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი იყო - მარნეული და ბოლნისი.

კომენტარები