კორონავირუსი საქართველოში

ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის თქმით, ​ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა. მისივე თქმით, ზომების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რეგიონში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 

COVID 19 კაცს დაუდასტურდა, რომელიც თბილისში გადაიყვანეს. მისი კონტაქტების წრე, სავარაუდოდ ფართოა. ინფიცირებულის ოჯახის წევრები და შესწავლილი კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. 

"გარდა თერმოსკრინინგისა, დაგეგმილია სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა. დაინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება"- თქვა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ სპეციალისტები უკვე მუშაობენ თუ სად შეიძლება გამშვები პუნქტების მოწყობა. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკონტროლო გამშვები პუნქტები ყველა დიდი ქალაქის შესასვლელებშია მოწყობილი. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს 214 ადამიანს. მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 408 პირი.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა მოქმედებს. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი იყო - მარნეული და ბოლნისი.

კომენტარები