ეკლესია და კორონავირუსი

სესიაშვილი: ეკლესია თავისი კანონებით მოდის დღემდე, ასე მარტივად ნუ მივუდგებით

ტაბულა

"ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ეკლესიასთან და ვცდილობთ, რომ ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომლითაც მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს, მათ ჯანმრთელობას და, ასევე, ხელი არ შეეშლება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების რეალიზაციას", - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კორონავირუსის გავრცელების რისკის ფონზე ეკლესიის ფუნქციონირებაზე საუბრობს.

სესიაშვილი ამბობს, რომ ეკლესიას ხელისუფლებასთან გახსნილი კომუნიკაცია აქვს და მაქსიმალურად ცდილობენ რეკომენდაციების დაცვას.

"გვესმის ყველას, რომ ეკლესიას აქვს თავისი კანონები, ისევე როგორც სახელმწიფოს. ჩვენ, ხელისუფლება ვმოქმედებთ და მოვუწოდებთ საზოგადოებას რომ დაიცვან კანონი, დაიცვან შესაბამისი მოთხოვნები, ეს საჭიროა ქვეყნისთვის და ერისთვისაც და ბერისთვისაც", - ამბობს სესიაშვილი ტვ პირველის ეთერში. 

სესიაშვილის თქმითვე, ეკლესია თავისი კანონებით მოდის დღემდე.

"ვიღაცისთვის ეს თემა პრაქტიკული თვალსაზრისით არის საფიქრალი, ვიღაცისთვის, ამას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, ვიღაცისთვის, ამას აქვს მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობა, ვიღაცისთვის მხოლოდ კანონიერი მნიშვნელობა, აქ ოქროს შუალედის პოვნა ძალიან რთულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით კომუნიკაციაში ეკლესიასთან და ვეცდებით, რომ ყველაზე კარგი ფორმა გამოიძებნოს და ყველამ ერთად ვიზეიმოთ აღდგომის დღესასწაული, ამასაც, ჩვენთვის, ყველასთვის ერთად თავისი სულიერი დატვირთვაც ექნება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია", - ამბობს სესიაშვილი. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიაში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

კომენტარები