ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

Amnesty International ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს: შეწყვიტეთ მეარაყიშვილის და ქელეხსაევას დევნა

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ადგილობრივი ჟურნალისტების, თამარ მეარაყიშვილის და ირინა ქელეხსაევას, დევნა.

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ "დე ფაქტო ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სხვა ზომების გამოყენებისგან მათ, ასევე სხვა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ და უზურნველყოს მათი გამოხატვის უფლების დაცვა, შევიწროების, დაშინების, პერსონალური თავისუფლების რისკის და სხვა ანგარიშსწორების საფრთხის გარეშე.

Amnesty International საუბრობს გამოხატვის თავისუფლების კუთხით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებულ ზოგად სურათზეც. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ რეგიონში გამოხატვა ჩახშობილია, მოქალაქეებს ეშინიათ. ვინც ე.წ ხელისუფლებას ხმამაღლა აკრიტიკებდა, რეგიონი უკვე დატოვა, ხოლო მათ მიმართ, ვინც რჩება, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

"ცოტა ჟურნალისტია მზად იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ზეწოლას და მის შესაძლო შედეგებს ისე, როგორც ამას თამარ მეარაყიშვილი და ირინა ქელეხსაევა აკეთებენ, ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, რამაც, შესაძლოა, თანამდებობის პირები გააღიზიანოს. Amnesty International-მა მტკიცებულებაც მიიღო ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლებისგან - ისინი ეკონტაქტებიან იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ფეისბუქზე კრიტიკული სტატია გააზიარეს ან მოიწონეს. ასევე, იყო ცნობები, რომ დე ფაქტო მთავრობა ავიწროებს მასწავლებლებს და გათავისუფლებით ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების კრიტიკას გაბედავენ", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

თამარ მეარაყიშვილი

თამარ მეარაყიშვილი ახალგორში მცხოვრები ჟურნალისტი და აქტივისტია. მის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სასამართლო მეოთხედ განიხილავს - 2020 წლის იანვარში ე.წ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, საქმის ე.წ პირველ ინსტანციაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მეარაყიშვილმა საოკუპაციო რეჟიმს ცილისწამების საქმე სამჯერ მოუგო როგორც რაიონულ, ისე ე.წ უზენაეს სასამართლოში. პროცესები თითქმის 3 წელია, გრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეარაყიშვილს რეგიონის დატოვების უფლება არ აქვს.

მეარაყიშვილმა საოკუპაციო რეჟიმს სასამართლო ბოლოს 2019 წლის ივლისში მოუგო. მას ბრალი პარტია "ერთიანი ოსეთის" მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე, გაყალბებული დოკუმენტის მეშვეობით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონო მოპოვებაში ედებოდა.

2017 წლის 8 ივნისს, დაკითხვისა თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ოკუპირებულ ცხინვალში გაიტაცეს. ახალგორის ე.წ. პროკურატურამ ე.წ. ხელისუფლების პარტიის "ერთიანი ოსეთის" მისამართით ცილისწამების ბრალდებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამას საფუძვლად დაედო ჟურნალისტის კრიტიკული მოსაზრებები პარტიის "ცალკეული პირების მიმართ". საერთაშორისო მხარეების ჩართულობამ შედეგი გამოიღო და თამარ მეარაყიშვილი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

2018 წლის 4 სექტემბერს ახალგორის ე.წ. სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე დაუსაბუთებლად ცნო და მიიჩნია, რომ არ არსებობდა დანაშაულის არც შემადგენლობა, არც ჩადენის დრო და ადგილი. ე.წ. პროკურატურამ გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, თუმცა თამარ მეარაყიშვილს ორი ახალი ბრალი წარუდგინა - ოფიციალური დოკუმენტის არაკანონიერი მოპოვება და მისი გამოყენება. მათი მტკიცებით, ჟურნალისტმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს მოქალაქეობაც შეინარჩუნა.

ირინა ქელეხსაევა

ირინა ქელეხსაევა ოკუპირებულ ცხინვალში ეხო კავკაზასთვის მუშაობს. 2019 წლის დეკემბერში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა მას დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივლა. ქელეხსაევას მიერ მომზადებული მასალა, რომელმაც ე.წ მინისტრის ბრაზი გამოიწვია, ოკუპირებული ცხინვალის ციხეებში გაუარესებულ მდგომარეობას და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 2020 წლის თებერვალში, დეფაქტო მოსამართლემ საქმე განიხილა და გადაწყვიტა, ქელეხსაევას წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 128/1, ცილისწამების მუხლით დაეწყო. იმ შემთხვევაში, თუ გაამტყუნებენ, ირინა ქელეხსაევას 6 000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრება. ასევე, ჟურნალისტი დარწმუნებულა, რომ მას სხვა ბრალსაც წარუდგენენ, რათა გააჩუმონ ის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების სხვა კრიტიკოსები.

Amnesty International წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე მათგანის მიმართ უნდა გააუქმოს ბრალდებები, უზრუნველყოს მათი გამოხატვის თავისუფლების დაცვა და პროფესიული მოვალეობების შესრულება.

"ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ყველა კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება კრიმინალიზებულია, მიუხედავად იმისა, საქმე ეხებათ საჯარო პირებს თუ რიგით მოქალაქეებს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა წაახალისა სახელმწიფოები, გადახედონ ცილისწამების კრიმინალიზების საკითხს და ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ყველაზე რთულ შემთხვევებში. გაერომ განმარტა, რომ ცილისწამების შესახებ კანონები გამოყენებულ უნდა იქნას სიფრთხილით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და არ გამოიყენოს ის გამოხატვის თავისუფლების ჭრილში, კრიტიკის ჭრილში. კრიტიკის ობიექტის მიმართ საზოგადოების ინტერესი აღიარებულ უნდა იქნას, როგორც დამცველი, სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ ზედმეტი სადამსჯელო ჯარიმების თავიდან აცილებისთვის", - წერია Amnesty International-ის განცხადებაში.

კომენტარები