კორონავირუსი საქართველოში

გომელაური საპატრიარქოს Covid-19-თან ბრძოლაში "გვერდში დგომისთვის" მადლობას უხდის

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საპატრიარქოს მადლობას უხდის ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობისთვის "გვერდში დგომასა და თანადგომისთვის". 

გომელაურმა ეს ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომელიც კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას ეხებოდა. მინისტრი ამბობს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მთავრობის მოლაპარაკებები საპატრიარქოსთან. 

"ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს, არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა, ხაზი გავუსვა - ნამდვილად, საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება. ამ პრობლემის წინაშე გვერდით გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საპატრიარქოს ასე გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის,"- ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი. 

კითხვაზე, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დააჯარიმებენ თუ არა მრევლსა თუ სასულიერო პირებს, მინისტრი პასუხობს, რომ "კანონს ესენი არ არღვევენ" და ეკლესიაში წესებს ყველაზე უკეთ იცავენ. 

"თუნდაც იმ დისტანციას [იცავენ], რასაც ახლა ვარღვევთ. კომენდანტის საათზე თუ ასე იქნება, რომ შევლენ და დილის 6 საათამდე აღარ გამოვლენ, ეს დარღვევა იქნება თქვენი აზრით კანონის? თუ ჩვენ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან, რომ იქნება მასე, იქნება მასე,"- ამბობს ვახტანგ გომელაური.

საგანგებო სიტუაცია და ფაქტობრივი საყოველთაო საკარანტინო რეჟიმი მართლმადიდებელ ეკლესიაზე არ მოქმედებს, სადაც ყოველკვირეულად ეკლესიებში კვლავ აღევლინება წირვა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ე.წ კომენდანტის საათის პირობებში როგორ ჩატარდება ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია და წირვა ღამისთევით. დეკანოზმა შალვა კეკელიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მრევლი ეკლესიებში საღამოს 21:00 საათმდე შეიკრიბოს და დილის 06:00-მდე იქ დარჩეს. მოგვიანებით, საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

მღვდელმთავრებისა და მთავრობის წევრების თქმით, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

კომენტარები