ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის წესები დაარღვია

დევიდ კლარკი
Getty Images

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა დევიდ კლარკმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესები დაარღვია და ოჯახთან ერთად სანაპიროზე წავიდა. მან დარღვევა აღიარა და საკუთარ თავს იდიოტი უწოდა.

კლარკმა პრემიერმინისტრ ჯასინდა არდერნს გადადგომის წერილით მიმართა, თუმცა მიმდინარე კრიზისის გამო თანამდებობას ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს. სანაცვლოდ, ის მინისტრთა კაბინეტის რანგში დააქვეითეს.

"როგორ ჯანდაცვის მინისტრის, ჩემი მოვალეობაა არა მხოლოდ გავცე მითითებები, არამედ მაგალითი ვაჩვენო ხალხს. როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსხვერპლის გაღებისკენ მოვუწოდებდი, მათ იმედები გავუცრუე. იდიოტივით მოვიქეცი. მესმის, რატომ მიბრაზდება ხალხი." თქვა კლარკმა.

ახალ ზელანდიაში ახალი კორონავირუსის გამო საგანეგბო მდგომარეობის ყველაზე მკაცრი ფორმა 25 მარტს შემოიღეს. მოსახლეობას სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის, პროდუქტების და მედიკამენტების საყიდლად აქვთ. ამავე კვირაში კი კლარკმა ოჯახი მათი საცხოვრებელი სახლიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე სანაპიროზე წაიყვანა. გასულ კვირას კი ის მთებში სასეირნოდ გაემართა და სურათებიც გადაიღო.

"ხალხს შეუძლია მცირე დისტანციაზე სუფთა ჰაერის სასუნთქად გავიდეს, თუმცა ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ სახლიდან შორს არ წასულიყვნენ და მაქსიმალურად თავიდან აერიდებინათ დაზიანების მიღების რისკი. მინისტრები ამ მითითებებს უნდა მიჰყვნენ." თქვა პრემიერმინისტრმა არდერნმა. მან თქვა, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში კლარკს თანამდებობიდან გადააყენებდნენ, თუმცა ახლა ჯანდაცვის სექტორში ჩავარდნას ვერ გარისკავენ.

ამჟამად ახალ ზელანდიაში ახალი ვირუსით დაავადების 950 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა ერთი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 127. ქვეყანამ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო საზღვრები დაკეტა.

5 აპრილს შოტლანდიის მთავარი სამედიცინო ოფიცერი მის მფლობელობაში არსებულ მეორე სახლში ორჯერ ვიზიტის გამო თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები