კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი თამაზი: ეკლესია ღია ან დაკეტილი შენობა ჰგონიათ, ჩვენი ბრალია, არსი რომ არ ესმით

მამა თამაზ ლომიძე

"წირვაზე შეკრებაზე დროებით უარის თქმაც რომ მოგვიწიოს რაიმე საფრთხის გამო, არ არსებობს ძალა, რომელიც ეკლესიას, როგორც მორწმუნე ხალხის უხილავ ერთობას დაარღვევს. ეს შეუძლებელია," - ასე ეხმაურება დეკანოზი თამაზ ლომიძე კორონავირუსის გამო, ეკლესიებში შეკრების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას. 

დეკანოზის თქმით, ეკლესია ხალხს ღია ან დაკეტილი შენობა ჰგონია და ზოგიერთს მისი არსი არ ესმის. 

"ექიმები გვეხვეწებიან: ხალხო, ცოტა ხნით ტაძარშიც ნუ მიხვალთ, წირვაზეც ნუ შეიკრიბებით, რომ ისევ ერთმანეთის სიცოცხლე გადაარჩინოთო და ზოგიერთი ეჭვიანი ამბობს: ფრხილად ხალხო, მგონი, ეს ყველაფერი ეკლესიის საწინააღმდეგოდ ხდება, რომ ეკლესია დაასუსტონ და ტაძრები დაგვიკეტონო. მესმის ამ უკანასკნელების შიშის, რადგან მათ ეკლესია ღია ან დაკეტილი შენობა ჰგონიათ. ისევ ჩვენი ბრალია, რომ აქამდე ეკლესიის არსი არ ესმის ზოგიერთს. ეკლესია მორწმუნე ხალხია, მათი უხილავი კავშირი და ერთობა ქრისტეს რწმენით და ერთმანეთის სიყვარულით. როცა მე, შენ, მან და კიდევ მრავალმა ქრისტეს მორწმუნემ ვიცით, რომ ყველას ერთი ღმერთი გვყავს, ერთი რამ გვწამს და მისი შვილები ვართ ყველანი. ესაა ეკლესია და ეს რამ უნდა დაარღვიოს? წირვაზე ჩვენს ერთად ყოფნას ვერაფერი შეედრება ამქვეყნად, მაგრამ, შეკრებაზე დროებით უარის თქმაც რომ მოგვიწიოს რაიმე საფრთხის გამო, არ არსებობს ძალა, რომელიც ეკლესიას, როგორც მორწმუნე ხალხის უხილავ ერთობას დაარღვევს. ეს შეუძლებელია. არ შეგეშინდეთ, ასეთი ეკლესია იდგება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე," - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დეკანოზი თამაზი.

მიუხედავად 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-ის მიღებული გადაწყვეტილებისა, დახუროს მორწმუნეთათვის ღვთისმსახურება, საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ საეროების დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც საღამოს 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. საპატრიარქო პანდემიის სააღდგომოდ გადავლას ელოდება, სახელმწიფო კი - აღდგომიდან ორ კვირაში კორონავირუსის ინფიცირების პიკს. 

კომენტარები