ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

Bronx Zoo

ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც აშშ-ის მასშტაბით, ცხოველზე ინფექციის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა და, შესაძლოა, ასევე პირველი შემთხვევა იყოს ვეფხვის ინფიცირების.  

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, 4 წლის მალაიზიური ვეფხვსა და მასთან ერთად სხვა 6 ვეფხვსა და ლომს, რომლებიც ავად გახდნენ, ინფექცია, სავარაუდოდ, ზოოპარკის თანამშრომლისგან გადაედოთ. პირველ ვეფხვს სიმპტომების გამოვლენა 27 მარტს დაეწყო. 

ბრონქსის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა ცხოველის მალე გამოჯანმრთელებას ელიან. 

ეს აღმოჩენა ახალ კითხვებს ბადებს ცხოველებში ვირუსის გადადების შესახებ. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, ამ დრომდე აშშ-ში შინაურ ცხოველებსა და საქონლებზე არ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა არ აღრიცხულა. 

"მნიშვნელოვანია, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მათ ვირუსის გავრცელება შეუძლიათ,"- ამბობს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ვეტერინარი ჯეინ რუნი. 

როგორც ექსპერტები ამბობენ, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ხდება. აშშ-ის მიღმა რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც შინაურ ცხოველებს ინფექცია ინფიცირებული ადამიანებისგან გადაედოთ, მათ შორისაა ჰონგ-კონგელი ძაღლის შემთხვევა, რომელმაც პათოგენის დაბალი დონე აჩვენა თებერვალსა და მარტის დასაწყისში. 

ჰონგ-კონგის სოფლის მეურნეობის სამსახურის მაღალჩინოსნებმა დაასკვნეს, რომ შინაურ ძაღლებსა და კატებს არ შეუძლიათ ადამიანებისთვის ვირუსის გადადება, თუმცა შესაძლოა, მათ თავად ვირუსი დაუდასტურდეთ. 

კომენტარები