იემენი

იემენში ჰუსიტი ამბოხებულები ნავთობის მილსადენს თავს დაესხნენ

MAX Security

იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის ნავთობის სამინისტროში განაცხადეს, რომ 5 აპრილს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულები მარიბის პროვინციაში ნავთობის მილსადენის სატუმბო სადგურს თავს დაესხნენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters საუდის პრეს სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მილსადენს აკონტროლებს ნავთობის კომპანია Safer, რომელიც იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დაქვემდებარებაშია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

იანვარში იემენის მარიბის პროვინციაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულების მიერ დრონებით და ბალისტიკური რაკეტით განხორიცელებულ თავდასხმას სულ მცირე 80 იემენელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 130. თავდასხმის დროს ისინი სამხედრო ბანაკის მეჩეთში ლოცვას ესწრებოდნენ.

კომენტარები