კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: სამმა ადამიანმა კლინიკა დატოვა, ამ ეტაპზე 36 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცნო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკა 3-მა პაციენტმა დატოვა. ისინი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 36 ინფიცირებული პირი მკურნალობს. 

ეზუგბაიას ცნობით, გერმანიიდან ჩამოყვანილ 15 პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ - ყველა პასუხი უარყოფითია. მათ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

"2 დღეა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ბოლო ხანებში მხოლოდ 2 დადასტურებული პაციენტი გვყავს", - თქვა ეზუგბაიამ. 

ექიმის თქმით, კლინიკაში 4 პირს მძიმე პნევმონია აქვს.

"3 იყო დღეს და შემოგვემატა. პროგრესირება წავიდა ერთ პაციენტთან. თუმცა, ეს პროგრესირება მძიმედ მიმდინარე არ არის და მართვადია. საშუალო და მსუბუქი პნევმონია თითქმის ყველა პაციენტთან ვლინდება", - თქვა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალი მკურნალობს. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"რაც, მგონი, სასიკეთო უნდა იყოს სამომავლოდ. მივდივართ სტაბილიზაციისკენ", - თქვა მან. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 31 პირი. დღეს, 4 აპრილს, 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები