კორონავირუსი

ჯონსონმა Covid-19-ის საგანგებო ვითარებაზე ოპოზიციის ლიდერებს ერთად მუშაობა შესთავაზა

ბორის ჯონსონი
immigrationnews.co.uk

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის საგანგებო ვითარებაზე ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერებს ერთად სამუშაოდ უხმო.

"როგორც პარტიის ლიდერებს, ეროვნული საგანგებო ვითარების ჟამს ჩვენ ერთად მუშაობის ვალდებულება გვაქვს," - წერს ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, კორონავირუსის პანდემიაზე მას ოპოზციონერების აზრის მოსმენა სურდა.

თავის მხრივ, ჯონსონს სურს მთვარობის მიერ მიღებული ისეთი ზომებზე, როგორიცაა, მასობრივი ტესტირებების სწრაფი გაზრდა, ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა, ოპოზიციის აზრი მოისმინოს.

პრემიერმინისტრი ოპოზიციის ყველა ლიდერს მომავალ კვირას ელოდება და ისინი ქვეყნის მთავარ სამედიცინო მრჩეველთან და მეცნიერების საკითხზე მთავრობის მრჩეველთან ერთად ბრიფინგს გამართავენ.

"კორონავირუსი უდიდესი საფრთხეა, რის წინაშეც ეს ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში მდგარა - და ჩვენ მარტო არ ვართ. მთელ მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ უჩინარი მკვლელის გამანადგურებელ შედეგებს".

ჯონსონი წერს, რომ კორონავირუსის დასამარცხებლად არა კვირები, არამედ თვეები დასჭირდებოდათ.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო აპრილის ბოლოს მასობრივ ტესტირებაზე გადასვლას გეგმავს. ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, აპრილის ბოლოს ინგლისში დღეში 100 ათასი ტესტი ჩატარდება. ჯონსონმა განაცხადა, რომ სწორედ მასობრივი ტესტირებების ჩატარებით დაამარცხებდნენ ვირუსს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრს 27 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსის არამწვავე სიმპტომი, ტემპერატურა კვლავ აქვს და სახლიდან თვითიზოლაციაში აგრძელებს მუშაობას.

გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად ახალი კორონავირუსის 38 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 3600-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 209 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები