კორონავირუსი საქართველოში

გახარია: გარდაცვალების შემთხვევამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტის ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები მიუთითებს კომპრომისების დაუშვებლობაზე.

"სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. ამ შემთხვევებმა ჩვენ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე ვიღაცის სურვილი არ არის, ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე", - თქვა გახარიამ.

მისივე თქმით "არანაირი კომპრომისი ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ საჭირო გახდა შემდეგი ღონისძიებების გამკაცრება, გამკაცრდება".

გახარიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ, რომ "გაუძლონ მსგავს დარტყმებს", და არ არსებობს კეთილი მიზნები, რომლებიც "ადამიანის სიცოცხლესთან კომპრომისს გაამართლებს".

"რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ამავედროს ეკონომიკის გადარჩენა. მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი," - თქვა მან.

4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა.

4 აპრილის მონაცემებით საქართველოში სულ დაინფიცირების 157 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი. აღსანიშნავია, რომ, ხელისუფლებას საპატრიარქოს გადაწყვეტილებების მიმართ შერჩევითი მიდგომისთვის აკრიტიკებენ - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლის ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეცვალა.

გიორგი გახარიამ, რომელიც კომპრომისის დაუშვებლობაზე საუბრობდა, ამავე კომენტარში აღნიშნა, რომ ეკლესიასთან ხელისუფლება "ყოველთვის იპოვის დაბალანსებულ გამოსავალს".

კომენტარები