კორონავირუსი საქართველოში

ინფექციური უარყოფს, რომ სისხლის პლაზმით შექმნილი მედიკამენტით 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მოსახლეობას თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილი ყალბი ფეისბუქ გვერდების შესახებ აფრთხილებს. კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, ცერცვაძის სახელით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს Covid 19-სგან გამოჯანმრთელებული პირების სისხლის პლაზმისგან შექმნილი მედიკამენტით 5 პაციენტი განიკურნა, სიცრუეა. 

"სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდები შექმნეს. ასეთ ერთერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო" - ნათქვამია განცხადებაში.

1-ელ აპრილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მეთოდი ცნობილია და ქართველი ინფექციონისტები ამაზე უკვე ფიქრობენ. მანვე აღნიშნა, რომ ამ მეთოდის გამოყენებას ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი სჭირდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები