კორონავირუსი

ეზუგბაია: კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა, მეორის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში მყოფი ორი კრიტიკული შემთხვევიდან, ერთი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული და ოთხი მძიმე პაციენტი რჩება. 

"ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია. კრიტიკული ორი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კვლავ მძიმედ რჩება. ახლა ერთი კრიტიკული გვყავს და ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყუურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ, რამდენიმე დღეში შეიძლება ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ უკვე მათი გამოჯანმრთელებაც დადგება" - თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილება მხოლოდ პირადი მანქანით, ან ტაქსით არის შესაძლებელი, რომელშიც მაქსიმუმ სამი მგზავრი იქნება. დაიკეტა ყველა სავაჭრო დაწესებულება სასურსათო ობიექტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტის გარდა. 21:00-დან 06:00-მდე ქვეყანში კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

კომენტარები