საქართველოს საპატრიარქო

დეკანოზი ჯაღმაიძე: ერთი კოვზის პრინციპი არ შეუცვლია არცერთ ეკლესიას, მსჯელობა დამთავრდა

პირველი არხი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას კვლავ არ აპირებს და ეს პრინციპი არცერთ ეკლესიას არ შეუცვლია.

"ერთი კოვზის პრინციპი არ შეუცვლია არცერთ ეკლესიას დღეს, ამიტომ, იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. ამაზე მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა", - თქვა დეკანოზმა ჯაღმაიძემ ბრიფინგზე. 

დღეს, 3 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, შესაძლოა, ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდეს. ამასთან, მრევლს დროებით არ აზიარებენ.  

მანამდე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ ზიარების წესი ნაწილობრივ შეცვალა - თითოეული ადამიანის ზიარების შემდეგ, კოვზს სპირტით წმენდნენ. 

ზიარების წესი დროებით შეცვალა ურაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც. წმიდა სინოდის დადგენილებით, ზიარების დროს საკურთხეველში მღვდელი პურის ნაჭრებს ღვინით დაასველებს და თითოეულ მორწმუნეს სათითაოდ ხელში ჩაუდებს, მაზიარებელი კი მას მღვდლის თანდასწრებით მიიღებს.  

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებელი ეკლესიების უმცირესობაშია - არც წირვებს წყვეტს და არც ზიარების წესს ცვლის.  

საპატრიარქომ დღეს ახალი რეკომენდაციები გასცა, რაც ეკლესიაში დისტანციის დაცვას, ხატების გაწმენდას და ლოცვების დაწყების დროის ცვლილებას ეხება.

კომენტარები