კორონავირუსი საქართველოში

კაპანაძე პარტნიორებს: იცოდეთ, რომ მხარს ვუჭერთ მთავრობას, ფინანსური მხარდაჭერის თხოვნაში

პირველი არხი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის, განმარტებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დახმარების თხოვნა ემსახურებოდა იმას, რომ იმ ინსტიტუტებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება დახმარება სთხოვს, დაენახათ, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ოპოზიციური პარტიები მათ ამ ნაწილში მხარს უჭერენ. 

კაპანაძის შეფასებით, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს საქართველოს აქვს, ახალი კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვა და რაც შეიძლება, მეტი სიცოცხლის გადარჩენაა, თუმცა პარალელურად ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა დგება უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რომელიც ჯერ კიდევ წინ აქვს საქართველოს. 

"სწორედ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად ევროპულმა საქართველომ ბევრჯერ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლების მიმართ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს კრიზისი და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ აქვე კარგად გვესმის, რომ რაც არ უნდა დიდი თანხები გამოათავისუფლოს ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან, რაც არ უნდა ქამრები შემოიჭიროს, რაც არ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები, სრულიად შეუძლებელი იქნება, რომ ეს კრიზისი მხოლოდ ჩვენი სახსრებით იყოს დაძლეული"- თქვა კაპანაძემ. 

სწორედ ამიტომ, დეპუტატის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების დახმარება საქართველოს მიმართ. კაპანაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან, დღეს პრაქტიკულად მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთობლივად მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. 

"მიუხედავად ჩვენი დიდი განსხვავებებისა ხელისუფლებასთან, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველოს გამოეყოს დიდი ფინანსური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რაც დღეის მდგომარეობით შესაძლებელია.

ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სოლიდური ფინანსური დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნება ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები გამოეხმაურებიან, როგორც ჩვენს მიმართვას, ისე საქართველოს მთავრობის მცდელობებს, რომ გამოყონ საქართველოზე გარკვეული დახმარება, რათა ის ეკონომიკური, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისას დადგება, მოკლე ვადაში იყოს დაძლეული,"- თქვა სერგი კაპანაძემ. 

საერთაშორისო პარტნიორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის დახმარების თხოვნით 3 აპრილს 23-მა ოპოზიციურმა პარტიამ, თუ სამოქალაქო მოძრაობამ ღია წერილი გაავრცელა. 

"საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები