ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბა ინწკირველის ინფორმაციით, მათ ეპარქიაში მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ნიუ-იორკში მსახურობს.
"მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება", - თქვა მეუფე საბამ.
მეუფე საბას ინფორმაციით, მამა სპირიდონ ნარსიას წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლში მკურნალობს.
"მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი", - თქვა მან.
კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა მეუფე საბასაც - მას COVID-19 არ დაუდასტურდა.
25 მარტს მეუფე საბამ თქვა, რომ მათ ეპარქიაში ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე, COVID-19 დაუდასტურდა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ერთ-ერთ სტიქაროსანსაც.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ღვთისმსახურებებს მრევლის გარეშე ატარებს.